`მეფე აფხაზთა და ქართველთა...~
დიდი ილია ბრძანებდა: `ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მრწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს. ზოგს დიდ-ბუნებანოვობის შარავანდედითა და თაყვანს სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.~
8 თებერვალი! სწორედ, რომ იმ გვირგვინოსანი მეფის _ დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეა, იმ მეფის, რომელსაც საისტორიო ფორტუნისაგან სამარადჟამო უკვდავება ელოდებოდა.
1089 წელი, ყველაზე ფეხბედნიერი საქართველოსთვის, გამეფდა ყველაზე დიდი გვირგვინოსანი საქართველოს ხელმწიფეთა შორის. ხოლო, თუ რა მოხდა კონკრეტულად საქართველოს სამეფო კარზე 1089 წელს, ამაზე შევეცდები მოკლედ შევეცდები მიმოვიხილო.
რა მოხდა საქართველოს სამეფო კარზე 1089 წელს? ეს კითხვა ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია მწვავე განსჯის საგანია. ოფიციალური მემატიანის _ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვით, ამ წელს გიორგი II_მ `დაადგა გვირგვინი მეფობისა~ თავის მხოლოდშობილ ვაჟს დავითს, იქვე მემატიანე დასძენს, რომ დავითი `მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლის, ხოლო ქორონიკონი იყო სამას და ცხრა (1089) ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვების უკან, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პროცესებია საგულისხმო. ნუთუ შემთხევითია, რომ მემატიანე 1089 წლის შემდეგ გიორგი II-ს არც ერთი მოვლენის თხრობისას აღარ იხსენიებს.
დღეისათვის საკამათოდაა ქცეული ერთი საკითხი, იყო თუ არა რაიმე ძალდატანება გიორგი II-ზე 1089 წელს, როდესაც მან მეფედ თავისი ვაჟი გამოაცხადა. უკანასკნელ ხანს, ისტორიკოსმა ილია ანთელავამ შეისწავლა ეს საკითხი და შემდეგი დასკვნა გააკეთა. `ვფიქრობ, ნათელი უნდა იყოს, რომ რაიმე დაპირისპირებას გიორგი II-სა და დავით IV-ს შორის ადგილი არ ჰქონია. ქვეყნისათვის უაღრესად ძნელბედობის ჟამს - გიორგი II-მ თანამოსაყდრედ აკურთხა და გვერდით ამოიყენა თავისი ერთადერთი ვაჟი დავით IV, რომელიც უაღრესი სამხედრო და ორგანიზაციული ნიჭით იყო დაჯილდოებული... დავით IV აღმაშენებელი ტახტის მიმტაცებელი არ ყოფილა, იგი ფართო უფლებებით აღჭურვილი თანამოსაყდრე იყო მამის სიცოცხლეში.~
მეცნიერთა აზრით, ეს დებულებაც გარკვეულად საკამათოა, საქმე ისაა, რომ დავით აღმაშენებლის გამეფება, რომელიც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით, ხოლო მეორე მხრივ, სამეფო ხელისუფლების მწვავე კრიზისით, არ შეიძლებოდა ისე მშვიდად მომხდარიყო, როგორც ამას დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს `ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან, თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა~... უფრო მეტად საფიქრებელია, რომ ეს იყო გადატრიალება, რომელიც დიდგვაროვან ფეოდალთა ერთი გარკვეული ჯგუფის მონდომებითა და აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა, და თუ გიორგი II-მ თავისივე ხელით დაადგა შვილს სამეფო გვირგვინი, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოქმედება საკუთარი სურვილის ეკვივალენტური გამოხატულება ყოფილიყო. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ აქ გარკვეულ იძულებას ექნებოდა ადგილი. სხვა შემთხვევაში საქართველოს მეფის ძალაუფლების მთლიანად მემკვიდრეზე გადაცემა, ალბათ არ მოხდებოდა. მეცნიერთა აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ დავით აღმაშენებელი თვითონ იყო აქტიური მებრძოლი სამეფო ხელისუფლების სადავეების მთლიანათ ხელში აღებისა (როგორც ვიცით ნაწილობრივ იგი 1085 წლამდეც მართავდა ქვეყანას) და გამორიცხული არ არის, რომ ამ სურვილის აღსრულება სხვა ღონისძიებების გატარებასთან ერთად საკუთარი მამის აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებით მომხდარიყო. ახალგაზრდა მეცნიერთა შეხედულებით: `კონფლიქტი მამასა და შვილს შორის იმდენად მწვავე იყო, რომ დავით აღმაშენებელს თავისი მოქმედება საკუთარი მამის წინაშე უდიდეს ცოდვად მიაჩნდა და იგი არაერთგზის იგონებდა მას. გავიხსენოთ მისი `გალობანი სინანულისანი.~ ეს ძეგლი XII საუკუნის ქართული სასულიერო პოეზიის საინტერესო ნიმუშია. ქრისტიანული საკაცობრიო სევდის გამომხატველ ამ ნაწარმოებში მკაფიოდ ჩანს დავით აღმაშენებლის მსოფლმხედველობა და მისი ძლიერი პიროვნება. მისი სიტყვები: `ო (უფალო) ღ-თო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომოლებისანი.~ სწორედ, ეს `გალობანი სინანულისანი~ და `ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომოლებისანი~ გიორგი II-ის წინაშე ჩადენილი მძიმე მოქმედების (ალბათ, მისი ტახტიდან გადაყენების) გამო მიუძღოდა დავით აღმაშენებელს და ამიტომ მოითხოვდა ამ `ცოდვათა მიტევებას ღმერთისაგან.~ თავის დროზე შორს არ ყოფილა თედო ჟორდანია ამ მოსაზრებისაგან.
დავით აღმაშენებლის მიერ ძალაუფლების ხელში აღება გარკვეული ძალის გამოყენებით ნაკარნახევი იყო უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ინტერესებით იმდროინდელი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა მოითხოვდა ახალ, ძლიერ მეთაურს, ამავე დროს ეს იყო დიდგვაროვან ფეოდალთა დიდი ჯგუფის, მათ შორის, ბუნებრივია, თვით დავითის ნება-სურვილის გამოხატულება.
ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თავს უფლებას აძლევს გააკრიტიკოს გიორგი II-ის. ეს ტენდენცია შემთხვევითი არ უნდა იყოს. ამაში უნდა გამოსჭვიოდეს დავითისა და მისი გარემოცვის დამოკიდებულებაც გიორგი II-ის პოლიტიკის მიმართ. ერთი სატყვით შედარებით რადიკალური ნაბიჯების მომხრე დავითისათვის არ იყო მისაღები გიორგის პასიურობა. პოლიტიკური მსოფლმხედველობის ასეთი განსხვავება უნდა ასახულიყო მათ ურთიერთობებზეც. აქ უკვე მნიშვნელოვანია ის, თუ რა სტატუსით მოხდა დავით IV-ის გამეფება.
იგი მამის თანამოსაყდრეს წარმოადგანდა თუ მისი ფუნქციები შედარებით გაფართოვებული იყო?
ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესოა ერთი საკითხი. როგორც აღნიშნა დავით IV აღმაშენებელი ჯერ კიდევ 1089 წლამდე იხსენიებდა მეფედ და სევასტოსად (ბიზანტიური ტიტულატურა). ასე იხსენიება დავით აღმაშენებელი 1085 წელს გადაწერილი საწინასწარმეტყველოს მინაწერში, ამ დროის ახლო ხანებში უნდა შექმნილიყო ასევე წყაროსთავის სახარებაც, სადაც გადამწერი დავითს `მეფეს და სევასტოსს~ უწოდებს. ჩვენამდე მოღწეულია ასევე მესამე ცნობაც, რომელშიც დავითი მეფედ და უკვე `პანიპერ სევასტოსად~ იხსენიება. ეს მინაწერი დაცულია ეფრემ მცირეს მიერ გადაწერილ ერთ დიდ მეტაფრაზულ კრებულში.
ამ ცნობებზე დაზრდნობით მეცნიერები მიუთითებენ იმ ფაქტზე რომ 1089 წლამდე დავით IV აღმაშენებელი გიორგი II-ს უკვე უნდა ეკურთხებინა თანამოსაყდრედ. მაგრამ როდის უნდა მომხდარიყო დავითის თანამოსაყდრედ კურთხევის ცერემონიალი, პირველად დავითი 1073 წელს იხსენიება გიორგი II-ის მიერ მღვისადმი გაცემულ სიგელში, მაგრამ აქ მცირეწლოვანი ულისწული მხოლოდ ბიზანტიური ტიტულით `კურაპალატობით~ იხსენიება (`სალოცველად მეფობისა ჩემისა და ძისა ჩემისა დავით კურაპალატისა~) როგორც ჩანს, ბიზანტიის იმპერატორმა ახლად დაბადებულ უფლისწულს სიმბოლურად მიანიჭა `კურაპალატობა~. რასაკვირველია, მცირეწლოვან დავითს ამ დროისათვის არავინ აიყვანდა მეფედ და ამიტომაც გასაგებიცაა, რომ გიორგი II-ის სიგელში იგი ამ ტიტულით არ იხსენიება. თორმეტიოდე წლის შემდეგ კი დავით უფლისწული მამის გვერდით უკვე მეფედ იწოდება. სრულიად სამართლიანია იმის ვარაუდი, რომ გიორგი II-მ მალიქ-შაჰთან (თურქსელჩუქთა სულთანი) მოსალაპარაკებლად წასვლის წინა პერიოდში თავისი ვაჟი აკურთხა მეფის პატივში. საქართველოს სამეფო კარისათვის ეს ახალი არ იყო, რამეთუ იგივე ნაბიჯი რამდენიმე ათეული წლის წინათ გადადგა ბაგრატ IV-მ, როდესაც იგი ბიზანტიაში წავიდა და თანამოსაყდრედ გიორგი II დატოვა.
XI საუკუნის 80-იან წლების დამდეგს, თუ დავითი მამის ნებისამებრ მეფედ ანუ თანამოსაყდრედ აკურთხეს, მაშინ რა მოხდა 1089 წელს? ამ პერიოდის საქართველოს მეფეების კურთხევის ამსახველი საგანგებო დოკუმენტი ჩვენამდის მოღწეული არ არის `წესი და განგება მეფეთა კურთხევისა,~ რომელშიც გადმოცემულია მეფის აღსაყდრების ჩვენში არსებული ცერემონიალი მოგვიანო ხანისა და თანაც არასრული სახითაა შემონახული. მასში საერთოდ არ არის საუბარი `უფროსი მეფის~ მიერ თავისი მოსაყდრის კურთხევის თაობაზე. არადა XI-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიაში მსგავსი ფაქტი არაერთია ცნობილი. აქ ისმის ერთი კითხვა, რა მოხდა 1089 წელს?
ერთხელ უკვე თანამოსაყდრედ კურთხეულ დავითს ხელახლა არავინ აკურთხებდა ამ სტატუსში. ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი ვარაუდი იქნება ის, რომ 1089 წელს გიორგი II-მ თანამოსაყდრედ კი არ აიყვანა დავითი, არამედ სრულიად გადაულოცა მეფობა. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში კურთხევა ჩატარდა გარეგნულად იმავე წესით, როგორც ხდებოდა თანამოსაყდრის გამეფების შემთხვევაში, ვინაუდან მეფე-მამა ცოცხალი იყო და მისი მონაწილეობა რაღაცით უნდა დაფიქსირებულიყო ცერემონიალის დროს. თანამოსაყდრის ხელახლა კურთხევა მიღებული იყო საქართველოში და ბიზანტიაში, რაც შეეხება რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში გიორგი II-ის მოხსენიებას დავით აღმაშენებლის წინ, ამას მოითხოვდა სამეფო კარზე არსებული ეტიკეტი და ფორმალურ მხარეს წარმოადგენდა. სამართლიანად შენიშნავდა ამის შესახებ ნ. ბერძენიშვილი: `მეფეთ-მეფობა~ და `კეისრობა~ `ცარიელი პატივი~ იყო და მას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. თუ კარგად ჩავუკვირდებით რუის-ურბნისის კრების სინოდიკონს დავინახავთ რომ სამეფო ხელისუფლების რეალური მატარებელი აქ დავითია, ვინაიდან იგი იწოდება `აფხახთა და ქართველთა, რანთა და კახთა თვითმპყრობელად ზუსტად ამ ტიტულით გასცემს დავითი მოგვიანებით (დაახლ.1104-1118წწ) ნიანია ნიანიასძისადმი ბოძებულ სიგელს და საერთოდ ოფიციალურ დოკუმენტებში ქართველი მეფეები ამ ფორმულით იხსენიებოდნენ.
ხელისუფლების სათავეში დავითის მოსვლის შემდეგ ყოფილი მეფე გიორგი II სახელმწიფო მმართველობისთვის უნდა მოეშორებინათ და გარკვეულ იზოლაციაში მოექციათ. ამას მოითხოვდა სახელმწიფოს ერთმმართველი მეფის _ დავით აღმაშენებლის ინტერესები. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს სამეფო კარზე 1089 წელს მომხდარ გადატრიალებაზე, ეს სრულებითაც არ ნიშნავს სამხედრო გადატრიალებას. გიორგი II 1089 წელს ხავერდოვნად ჩამოაშორეს ხელისუფლებას და მისი ფუნქცია მხოლოდ ნომინალური და სიმბოლური იყო.
ეს იყო მეფე, რომელსაც ქართველმა ერმა, ხელმწიფობის ჟამის მსოფლიოში ერთ-ერთი უბრწყინვალესი ზედსახელი აღმაშენებელი შეარქვა, ხოლო თუ რით აღაშენა და დაამშვენა სამეფო თვისი, ეს ყველა ქართველისათვის ცნობილია.
ბაკურ გელაშვილი
დავითობას გილოცავთ!
ReplyDeleteარ მეგულება ქართველ მეფეთა გალერიაში მისი ტოლი და სწორი. დავით აღმაშენებელი არის სახელმწიფოებრივი ძლიერებისა და აყვავების სიმბოლო, მტკიცე პოზიციის მქონე მებრძოლი მხედართმთავარი.
ReplyDelete